გიორგი გახარია - როდესაც უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ორჯერ უფრო მომთხოვნი ვიქნებით
თუ დადგინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული, ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის კომენტირებისას.
მისივე თქმით, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს, სახელმწიფო ორჯერ მომთხოვნი იქნება.
“ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას. თუ დადგინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გიორგანაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს.