გიორგი გახარია - ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს, არამედ უნდა დაუმტკიცოს ყველას, ჩვენ ინფექციას ვმართავთ ისე, რომ შეგვიძლია ტურისტები მივიღოთ ღირსეულად
ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს და უკან დაიხიოს, არამედ მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ ინფექციას ვმართავთ ისე, რომ შეგვიძლია ამავდროულად მივიღოთ ღირსეულად ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში გარდა იმისა, რომ ტურიზმი გახდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა, მნიშვნელოვანი სექტორი, საქართველო, როგორც ტურისტული ლოკაცია, მსოფლიოში გახდა ძალზედ ცნობილი.
„საქართველო, როგორც ტურიზმის წერტილი გახდა ძლიერი ბრენდი თავისი რვა ათასწლიანი მეღვინეობის ისტორიით, თავისი ათასწლეულების ისტორიით, თვისი სამზარეულოთი, თავისი კულტურით ყველაფრით და უამრავი ადამიანი მსოფლიოში მოილტვოდა საქართველოსკენ და გააჩნია სურვილი, ნახოს საქართველო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ჩვენ სიძლიერეს, საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის, ტურისტული ლოკაციის სიძლიერეს, უნდა დავუმატოთ ახალი საქართველო, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ზონა. ეს ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთი გამოვლინება უნდა იყოს კრიზისის, როგორც შესაძლებლობის. ქართული ტურიზმი კი არ უნდა შეშინდეს და უკან დაიხიოს, არამედ მან უნდა დაუმტკიცოს ყველას რომ ჩვენ „კოვიდის“, ინფექციას ვმართავთ ისე, რომ შეგვიძლია ამავდროულად მივიღოთ ღირსეულად ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის ფორმულა, რომლითაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ეს არის ის ფორმულა, რომლითაც ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აჭარაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.