გიორგი გახარია - ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება
გიორგი გახარია - ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ტურიზმის ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომაა, რომ კრიზისი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა.

„რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმებს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მოგეხსენებათ, ჩვენი მიდგომა არის მარტივი – კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, ეს გამოწვევა, გლობალური კრიზისი, გლობალური პანდემია ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად, გავხდეთ უფრო ეფექტიანი და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი გახლავთ ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ტურიზმის ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. ამისთვის ძალზე აქტიურად მუშაობს ტურიზმის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მალე მისაღები შედეგით დასრულდება. პრემიერის თქმით, ერთ-ერთი პირველი ასეთი ქვეყანა ისრაელი იქნება.

„შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც სულ მალე, ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან.

„ეს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში, ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.