გიორგი გახარია პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს დღეს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 31 მარტიდან მოქმედებდა კომენდანტის საათიც. საგანგებო მდგომარების მოხსნის თარიღად თავდაპირველად 21 აპრილი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან გაუქმდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, 15 ივლისამდე რჩება სხვადასხვა ტიპის რეგულაცია.
დღემდე სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.
გაუქმდა სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და დარჩა მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ტაქსის მძღოლები ვალდებული არიან, გამოიყენონ პირბადე.
გაუქმდა შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ისინი არიან მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში, მთავრობა მათ მიმართავს რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩაში და დარჩნენ სახლში.
საგანგებო მდგომარეობასთან ერთად მოიხსნა შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.
ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლისთვის.
კვლავ ძალაშია შეზღუდვა რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებაზე; ასევე, ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. შეზღუდულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა – გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში.
ასევე, შეზღუდული რჩება ე. წ. მოლების და ბაზრობების მუშაობა (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ); ასევე, სპორტული და კულტურული ობიექტების მუშაობა და ასეთი ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, გარდა ელექტრონული ფორმისა.
ასევე, ზოგიერთი სახელმწიფო სერვისი კვლავ ხორციელდება დისტანციურად.
ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.
ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა – სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.
შეზღუდვები შენარჩუნებულია ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილებებს მიიღებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, უფრო ადრე მოიხსნას.