გიორგი გახარია - ნატო-სთან ყველა მიმართულებით ღრმა თანამშრომლობა ხდება პრიორიტეტი, რათა ვიყოთ მზად ნებისმიერ მომენტში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.
გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ნაწილში შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტზე.
„ნატო-ს მიმართულებით, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია. ვაგრძელებთ ყველა აქტიური ფორმატის თანამშრომლობის გარღმავებას, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებას შავი ზღვის მიმართულებით. ეს არის აბსოლუტურად ახალი კომპონენტი, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ნაწილში გაჩნდა.
შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი, სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ (სამართალდამცავს ვამბობ იმიტომ, რომ მოგეხსნებათ, შავ ზღვაზე ოპერირების ნაწილი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია), საქართველომ სულ უფრო და უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა შავ ზღვაზე ნატო-სა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ოპოერირების თვალსაზრისით, კონკრტული ფუნქციები შეიძინოს“,- განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა.
„შესაბამისად, როგორც ფაქტი, ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი შედეგები გვაქვს ბოლო ორი წლის და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონცენტრირებული მუშაობა ყველა იმ ფორმატში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია.
ეს გახლავთ ნატო-საქართველოს კომისია, წლიური პროგრამა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყნის ნატო-ში წევრობის მომზადებისთვის, რეგულარული, საპორტო ვიზიტები.
როგორც აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვის ქართულ პორტებში ნატო-ს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლობითი გამოჩენა იყოს სულ უფრო ხშირი და სტაბილური.
ასევე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი, რომელიც შედგა და რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებული და გაუმჯობესებული პაკეტი, სწრაფ დროში დავასრულოთ და შემდგომში ამის აღსრულება დავიწყოთ.
საერთოდ, საქართველოს უსაფრთხოების, ქვეყნის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში ნატო-სთან ყველა მიმართულებით, როგორიც არის საკანონმდებლო ნაწილი, თავდაცვის ნაწილი, უსაფრთხოების ნაწილი, დემოკრატიზაციის ნაწილი ხარისხობრივი, ღრმა თანამშრომლობა ხდება პრიორიტეტი, რათა ჩვენ სწრაფად მოვამზადოთ ქვეყანა, ვიყოთ მზად ნებსმიერ მომენტში ნატო-ს სრულფასოვანი წვრობისთვის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.