გიორგი გახარია - მთავრობა უკვე ფიქრობს, ტურისტულ სექტორს დამატებით რით მიეხმაროს
მთავრობა უკვე ფიქრობს, ტურისტულ სექტორს დამატებით რით მიეხმაროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერი ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორმა ისარგებლა სახელმწიფოს მიერ უკვე დაწესებული შეღავათით.
„ჩვენ პირველივე დღიდან აშკარად დავინახეთ, რომ დარტყმის პირველ ხაზზე იყო ტურისტული ბიზნესი. ეს იყო ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ქვეყნის ეკონომიკამ და ამ სექტორმა მიიღო და რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადების პირველ ნოემბრამდე. დღეს მინდა გითხრათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 4 500-მა ბიზნესმა და 90 მლნ-ის ვალდებულებები გადავადდა, თუმცა აქ კარგად ჩანს რას ნიშნავს გლობალური პანდემიის გამოწვევა, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირება. დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეღავათი უკვე აქტუალური აღარ არის. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ სექტორისთვის მხოლოდ ეს შეღავათი უკვე საკმარისი არ არის და მთავრობა უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ტურისტულ სექტორს დამატებით რითი მიეხმაროს. ეს არის ის ძირითადი სპეციფიკა, რომელიც ამ გლობალურ პანდემიას ახლავს, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიან პროგნოზირებაზე მკაცრად, აკადემიურად საუბარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.