გიორგი გახარია - მოვუწოდებ თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე აღინიშნა, რომ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.
„მინდა, მოვუწოდო თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, და შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის – ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს.
„დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შესაძლოა, ძალზე აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.