გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ეფექტურად ხორციელდება დაავადების შეჩერება, დღეს გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც შემთხვევების გაზრდას ნიშნავს
შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს საკოორდინაციო საბჭოში შედგა მორიგი შეხვედრა, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. ის თვითიზოლაციაში რჩება. მადლობა ჩვენი სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს. ეს არ ნიშნავს, რომ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების, ინფექციის განვითარების, იმპორტირებისა და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს, რომ მიდგომები და მენეჯმენტი პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში კი, ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა, ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით კარგ მდგომარეობაშია, რათა შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს. ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტი, ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ სასწავლო დაწესებულებებში, რესტორნებში, პენიტენციურ სისტემაში. მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები იზრდება. უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის პასუხი იქნება მკაცრი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.