გიორგი გახარია - კრიზისულმა პერიოდმა ტურიზმის სექტორი ჩვენთანაც დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით, საქართველო ტურიზმის განვითარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ტურიზმი ერთ-ერთ იმ სექტორს წარმოადგენს, რომელსაც პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა.
მისივე თქმით, კრიზისულმა პერიოდმა ტურიზმის სექტორი დააზიანა საქართველოშიც, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით, საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იყო.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იყო და რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1 პროცენტი გახლავთ.
მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული – 9.4 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, ასევე ტურიზმის სექტორის განვითარებას.
გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას აქტიური კამპანიების განხორციელებითა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით, ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ქვეყანაში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ხელშეწყობაზე და ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს, ხელს ვუწყობთ ახალ პირდაპირ ფრენებს, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებას და ტურისტული ქსელის განვითარებას. ზემოაღნიშნული ღონისძიებებით და საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო გამოწვევების, არსებული კონკურენციის თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ სასტუმრო „ბილტმორში“ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.