გიორგი გახარია, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე რჩებიან [ფოტო/ვიდეო]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე რჩებიან, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ისინი რუსთაველის გამზირზე არსებულ სიტუაციას პირადად აკვირდებიან.

პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ისინი 9 აპრილის მემორიალამდე მისვლას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს, რის შემდეგაც კონტრაქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლები დაანთეს.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილი, ვისაც ამის სურვილი აქვს, ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩება, ნაწილი კი სახლებში წავა.

მისივე თქმით, აქცია ხვალ 18:00 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეები თბილისის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

სანდრო ბრეგაძის განმარტებით, აქცია 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.