გიორგი გახარია - ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, ქუთაისი და ბათუმი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ
როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელისთვის კი, საინტერესოა ორი ძირითადი მიმართულება – ქუთაისი და შემდგომ ბათუმი.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის და გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია, არ არის მარტივი. ვერც იმას გეტყვით, რომ ასე ერთ დღეში ყველაფერი შიეცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, ასევე ყველას უნდა ესმოდეს, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად. სხვანაირად, მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე, ასე არაფერი გამოვა. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ მარტო, ცალკე აღებული ქვეყანა ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და, რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.