გიორგი გახარიამ გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალში“ დღეს დაშავებული პოლიციელები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალში“ აქციაზე დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად მივიდა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალში“ ექვსი პოლიციელია მოთავსებული, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
ამასთან, ველისციხესთან დაშავებული პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
გურჯაანში ვითარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.
სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.