გიორგი გახარია - ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე, რამდენად სწრაფად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას
საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი – მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია, მდგრადი განვითარება დამოკიდებულია პირველ რიგში ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე და შესაბამისად იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას.
„დავიწყეთ საუბარი ტურისტული სექტორით, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა, ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია, გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ყველაზე დიდი. მოგეხსენებათ, რომ 2018 წელი ჩვენ დავამთავრეთ დაახლოებით 7 მილიონზე მეტი ვიზიტორით ქვეყანაში და დაახლოებით 3,2-3,3 მილიარდი დოლარი შემოსავლებით ჩვენი ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, რომელზეც დღეს ჩვენ აქ უნდა ვისაუბროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე. ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმოქმედებთ. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის მთავრობის ფუნქცია აქ. მთავრობის ფუნქცია არის თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში ტურისტული მიმართულებით მოახდინა დაახლოებით 115 მილიონი ლარის ალოკაცია, რომელიც იქნება დახარჯული აღნიშნული მიზნების მისაღწევად.
„ჩვენი ამოცანაა, ჩამოვყალიბდეთ მიმართულებებზე, როგორ, რანაირად, სწრაფად და ეფექტურად ვხარჯავთ ამ ფულს. კონკრეტულ შემთხვევებში თქვენ შეიძლება, გქონდეთ პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ბიუროკრატიული იქნება, არაბიუროკრატიული, სუბიექტური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ ამას დასჭირდება დღეები, იქ სადაც შესაძლებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მან ტურიზმის განვითარებაში მთავრობის ფუნქციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ბიზნესს მათთვის საინტერესო საკითხებზე ღიად საუბარი შესთავაზა. ასევე პრემიერის თქმით, მთავარი მიზანია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის გაზრდა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მესმის ჩვენი ფუნქცია – დაგეხმაროთ და მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და დარგში შევქმნათ იდეალური საინვესტიციო გარემო. ეს არის ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი – მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური ეფექტების გარდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი გადაცემის – ეს არის ქვეყნის ცნობადობა. ამას ჩვენთვის განვითარებადი დემოკრატიისთვის, განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
მინდა იცოდეთ, ამ მთავრობის, ჩვენი გუნდის კარიც, ტელეფონებიც, ყველაფერი იქნება წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად, იქ, სადაც შესაძლებელია, სადაც პრობლემები არის ობიექტური, სადაც პრობლემების გადაწყვეტას შევძლებთ სწრაფად, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. გთავაზობთ, რომ მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ, შეზღუდვების გარეშე და მზად ვართ კრიტიკისთვის. კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და ახლაც არ შეგვეშინდება, მით უმეტეს, დარწმუნებული ვართ, რამენაირად პასუხების გაცემას შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა.