გიორგი გახარია - ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია, ძეგლები, სამზარეულო, უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად მართავს ვირუსის რისკებს
გიორგი გახარია - ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია, ძეგლები, სამზარეულო, უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად მართავს ვირუსის რისკებს

ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს  გაურკვეველი ვადით, შესაძლოა, ეს იყოს რამდენიმე თვე ან წელი. ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ქვეყნის ისტორია და კულტურა, ქართული სამზარეულო, სტუმარმასპინძლობა, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია და ძეგლები უნდა დაემატოს ის ფაქტი, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს, ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ქვეყანას, აამოქმედოს ეკონომიკა.

„უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან, წელს ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორებიცაა ჩვენი ისტორია, 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმარმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია, როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა. ამავდროულად კი, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ესაა ჩვენი მიზანი და ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც დღეს გვაქვს ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაშიც.

პირველად ჩვენ ვიყავით ამ თემაზე სასაუბროდ აჭარაში, ბათუმში. იქაც, მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის წილი ეკონომიკისა და რეგიონის განვითარებაში არის უკიდურესად დიდი, ზუსტად იგივეა დღეს კახეთში და ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ, პირველ რიგში, ჩვენ ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა, მაგალითად, თბილისიდან. იქ ცოტა სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა რთულია, კახეთში და ზოგადად რეგიონში ეს უფრო მარტივია. ეს არის რისთვისაც ჩამოვედით. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. ერთბაშად და სწრაფი მოხსნა ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნისა და რისკის ქვეშ მთლიანად საქართველო, როგორც „კოვიდ-19“-თან ეფექტურად მებრძოლი და რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე, ტურიზმი ვერ იქნება და სტუმარი არ ჩამოვა. უნდა ვიყოთ „კოვიდ-19“-ისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია, ყველაფერზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.