გიორგი გახარია - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს მიხედოს, მეპურემ პური გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი დაანებოს
გიორგი გახარია - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს მიხედოს, მეპურემ პური გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი დაანებოს

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა დღეს მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით ზუგდიდში ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ შეხვედრას, რომლის შესახებაც მეუფე იაკობმა ისაუბრა, არ ადასტურებს.

გიორგი გახარიას თქმით, ეკლესია არის ის გამაერთიანებელი ძალა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კრავს.

„ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზულ კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს.

თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. რა თქმა უნდა, მსგავს შეხვედრას არ ვადასტურებ“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და პოლიტიკას თავი დაანებოს.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.