გიორგი გახარია - ჩვენი ფუნქცია რეგიონში, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით  ამერიკასთან თანამშრომლობა იძენს უფრო მეტ დატვირთვას
გიორგი გახარია - ჩვენი ფუნქცია რეგიონში, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობა იძენს უფრო მეტ დატვირთვას

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, კოოპერირება იყოს სულ უფრო ეფექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა უაღრესად მაღალი ხარისხით არის შეფასებული.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში, ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და სიმშვიდე. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იძენს უფრო მეტ დატვირთვასა და შინაარსს“, – განაცხადა გახარიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.  დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებადაა დასახელებული.