გიორგი გახარია - ჩვენ სწრაფად მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკას აძლევდა საშუალებას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების, ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ
გიორგი გახარია - ჩვენ სწრაფად მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკას აძლევდა საშუალებას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების, ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ

ჩვენ სწრაფად მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლევდა საშუალებას ეკონომიკას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების, ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ნაწილზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გავრცელების სისწრაფე „ერ“ კოეფიციენტი, გადაცემის კლასტერული ფორმა, როგორ დაეცა მობილობა ქვეყანაში, უკვე ვნახეთ და მივხვდით, უკვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვირუსის გავრცელებას მთავრობა აკონტროლებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სწრაფად მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლევდა საშუალებას ეკონომიკას, უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა გახლავთ ადაპტაცია. გახსნა ყველაფრის შეიძლება ერთ დღეში, არანაირი პრობლემა არ არის. ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა სცადა, ეს გახსნა ერთ დღეში რას ნიშნავს. მარტივია, თუ გახსნას არ მოჰყვება კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოხდეს ვირუსთან ადაპტაცია, როგორც ეკონომიკის, ჩვენი სოციალური ცხოვრების, ტურისტების მიღების, პოლიტიკური ცხოვრების იქნება თუ ყველაფრის, მათ შორის პარლამენტის მუშაობის, ეს ყველაფერი არის უაღრესად რისკის შემცველი ქვეყნისთვის.

ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და აქ პასუხისმგებლობა არის ყველასი კიდევ უფრო დიდი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.