გიორგი გახარია - ცესკო წნეხის ქვეშ იქნება ყველა პარტიის მხრიდან, მათი ვალია, ამ წნეხს გაუძლონ, თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოქალაქეებისგან წნეხი ბევრად დიდი იქნება
„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ეგზიტპოლების ცდომილება საკმაოდ დიდია, ამიტომ ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ბევრად უკეთეს შედეგს ელოდება.
„ველოდები ბევრად უკეთეს შედეგს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. მინდა, გითხრათ, რომ ეგზიტპოლებში ცდომილება საკმაოდ დიდია, ამიტომ არის ამხელა სხვაობები. ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული უბნიდან ხმების დაცვა, ყველა სახის ზეიმი მხოლოდ ამის შემდეგ. მერწმუნეთ, როდესაც დათვლა დასრულდება, ჩვენი შედეგი, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების შედეგი, ბევრად უკეთესი იქნება. გამოგვივლია, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში სხვადასხვა ტელევიზიაში განსხვავებული რეალობა დგება. გვქონია შემთხვევები, გვიზეიმია და დილით სულ სხვა შედეგი მიგვიღია. ამიტომ ახლა დავანებოთ ამას თავი, ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე. „ოცნება“ ეცდება, როგორმე მიგვიყვანოს თავის ვირტუალურ რეალობასთან ახლოს, ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ცესკო-ს შედეგი უნდა დაემთხვეს ჩეკების შედეგებს.
„ეგზიტპოლი ჩეკებზე უპირატესი როგორ შეიძლება იყოს, ჩეკი დოკუმენტია, ამიტომ ჩემთვის ჩეკს ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება უდიდესი წნეხის ქვეშ ყველა პარტიის მხრიდან, მაგრამ მათი ვალია, ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე ამ წნეხს გაუძლონ, თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოქალაქეებისგან წნეხი ბევრად დიდი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები
გამოაქვეყნეს.