გიორგი გახარია - არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე ვმუშაობთ, მაგრამ ძირითადი ამოცანაა, ექსპერტიზა ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ტრაგიკულ მოვლენასთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე გიპასუხოთ. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა, გუშინ, მცხეთის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ითხოვს დახმარებას, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალეს.