ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი
ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი

მცხეთის პროკურატურაში არჩილ ტატუნაშვილის მამის გივი ტატუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვა რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც არჩილ ტატუნაშვილის მამამ განაცხადა, მიიღო პირობა, რომ გამოძიების მასალებზე შეუფერხებელი წვდომა ექნება. მისივე თქმით, ახალი დეტალები მიაწოდა პროკურატურას, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ამასთან, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი აცხადებს, რომ ოჯახი ითხოვს დახმარებას, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

„გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით – თავისუფლების აღკვეთა ერთი ან ორი პირის მიმართ და მკვლელობა. ყველაზე მთავარი ორი საკითხი. დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. ამ ფაქტმა შესაძლოა, გაართულოს ექსპერტიზის ყოველმხრივი და სრულყოფილი ჩატარება. ამიტომ ვითხოვთ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას. ხელისუფლებამ ეს საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო ფორმატში და დაეხმაროს ქვეყნის შიგნით მიმდინარე გამოძიებას. არ არის გადმოცემული არც სამართლებრივი და არც სამედიცინო დოკუმენტაცია“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალეს.