გიორგი გახარია - არჩევნებში ვართ, პოლიტიკური და მედიაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრებენ, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს შეუზღუდავს
არჩევნებში ვართ, ზოგი პოლიტიკურ, ზოგი მედიაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს შეუზღუდავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტულად არ აქვს ინფორმაცია, რა საქმის გამოძიება იწყება.
„რა პოლიტიკურ ზემოქმედებაზეა საუბარი, ხალხნო. თავად ოქრუაშვილს რაზეც უნდა იმაზე შეუძლია ისაუბროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებში ვართ. რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ, ზოგი მედიაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე და მოდით ასე გავაკეთოთ, არჩევნების ღირსეულად ჩატარება – ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიზანი, არ უნდა იყოს. ეს ყველას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რადგან არჩევნებით შეაფასებენ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, როდესაც გვაქვს უკვე თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია. ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს. ახლა ამ არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.