გიორგი გახარია - არავის ეგონოს, რომ მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო დატოვებს
სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით დაუდგება, ვიდრე ის ძლიერი ფერმერი არ გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები, მათი განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია. ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, გლეხს უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, არავის ეგონოს, რომ მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო დატოვებს, ვიდრე გლეხი არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ დაასაქმებს ადამიანებს, ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტულის ექსპორტზე გატანის ნაწილში, სახელმწიფო, როგორც ედგა აჭარელ გლეხს გვერდით, ასევე დაუდგება მომავალში. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, დაბაზე, ქალაქსა და ქვეყანაზე. რაც მთავარია, დარწმუნებულნი ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.