გიორგი გახარია - ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას
გიორგი გახარია - ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება, დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალი.

„ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული  მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ამასთან, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.