გიორგი გახარია - უნდა მივუსამძიმროთ მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, ასევე, 13 ივნისი იყო უდიდესი სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ამასთან, მან 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ხუთი წელი გავიდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უაღრესი ძალა, ენერგია ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის, უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
დღესაც ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღესაც ეპიდემია ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იმავე ხარისხის ერთსულოვნება, იმავე ხარისხის ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს.
ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები. იმედი მაქვს, ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე, საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს პირდაპირ მონაწილეობას“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. პრემიერმა და მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
21 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან დღეს ხუთი წელი გავიდა. სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.