გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს [ფოტო]
გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს [ფოტო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან იმყოფება.

პრემიერმა და მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

21 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან დღეს ხუთი წელი გავიდა. სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.