გიორგი გახარია კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით პარლამენტში 27 მაისს წარდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით 27 მაისს წარდგება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში საგანგებო მდგომარეობის ამოწურვასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია პარლამენტში კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
„საზოგადოებას, დეპუტატებს აქვთ ინტერესი, თუ როგორ განხორციელდა პირველი ეტაპი. არის ძალიან პოზიტიური შეფასებები, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ინფექციის ეფექტურად შეკავება. ახლა მომდევნო მნიშვნელოვანი გამოწვევებია პრიორიტეტად, სადაც კვლავ რჩება ჯანდაცვა, მაგრამ ასევე ეკონომიკური და სოციალური ამოცანები წამოიწევს წინ. გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ, რასაკვირველია, პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში პარლამენტში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია, ამიტომ გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა წერილობით და მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, 27 მაისის ანგარიში შეეხება კორონავირუსს, ხოლო შემდეგ, ივნისში პრემიერი პარლამენტში კიდევ ერთხელ, წლიური ანგარიშით მივა.
„რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი შემდეგშიც მობრძანდება პარლამენტში. მას ივნისში ასევე აქვს წლიური ანგარიში, რომელიც არა მხოლოდ კოვიდინფექციის საკითხით შემოიფარგლება, არამედ უკვე უფრო ფართოდ ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური განვითარების საკითხებზეც გვექნება მსჯელობა. ასე რომ, წინ ნამდვილად საინტერესო სამუშაო გველის, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.