საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში მოკლული გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა.
მინისტრი გორში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რომლებიც საქმის გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართული.
„გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად. გამოძიება ახლა გრძელდება, ეს უდიდესი ტრაგედიაა. პირველ რიგში ოჯახს სამძიმარი, სამძიმარი გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო. მადლობა მინდა გადავუხადო პირად შემადგენლობას, რომლებმაც ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად პირველადი შედეგი დადეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირველადი შედეგი არის ობიექტური, სამართლიანი. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე ადეკვატურად, რათა თითოეულმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გაკეთდება ყველაფერი, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.
მკვლელობის ბრალებით 34 წლის ი.ნ. დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პირი ერთ-ერთ სახლში სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. შსს-ს ცნობით, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც ბავშვი სისტემატურად გადაადგილდებოდა, რამდენიმე ბინა დეტალურად შეისწავლეს. ერთ-ერთში კი საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს. სწორედ ამ სახლში დააკავეს მამაკაცი.