გიორგი გახარაია - არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს გასაკეთებელი საქმე, ჩვენი ბავშვების, შვილების მომავალი
არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე, გვაინტერესებს ჩვენი ბავშვების, შვილების მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შუახევში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.
ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, აჭარა და მთლიანად საქართველო სტუმრებმა უნდა გაიცნონ და ყველამ ნახოს, რომ ეს მხარე არის წარმატებული, ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებითა და მომავლით. მისივე თქმით, უშუალოდ შუახევში დარჩენილია ბრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ განათლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ბავშვებს ერთნაირი ხარისხის განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ.
„მოგესალმებით შუახეველებო. აქ , აი, ამ საოცარ ბუნებაში, შეახეველებთან ერთად ყოფნა თითოული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, დიდი პატივია. თუმცა, ჩვენ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ. არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე, გვაინტერესებს ჩვენი ბავშვების, შვილების მომავალი. შუახევი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. თითოეულ ციხე-სიმაგრესთან, ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი გზა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რათა მეტი ტურიზმი განვავითაროთ და მუნიციპალიტეტმა მეტი სტუმარი მიღოს. აჭარაც და საქართველოც ჩვენს სტუმრებს გავაცნოთ და ყველას დავანახოთ, ეს არის წარმატებული, ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებითა და მომავლით. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში და სოფლებამდე მისასვლელი გზები ასე თუ ისე წესრიგში მოვიყვანეთ, შიდა სასოფლო გზები ყველგან გასაკეთებელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გაზიფიცირება დასასრულებელია. მთლიანად აჭარაში ერთხელ და სამუდამოდ გაზი უნდა შევიდეს. შუახევში სასმელი წყალმომარაგების საკითხიც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბაღი გარემონტდა, მუნიციპალიტეტში დაახლოებით ათ ბაღში ჩატარდა რეაბილიტაცია, ესეც არ არის საკმარისი, რადგან ბავშვები ჩვენი მომავალია.
შუახევის დაბაში ტარდება მუნიციპალური სკოლის რეკონსტრუქცია, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს. სკოლა 240 ბავშვზეა გათვლილი, თავისი ცალკე მუსიკალური სკოლით და მთლიანად ინფრასტრუქტურით. არანაირი სხვაობა არ უნდა იყოს, ბავშვი იზრდება თბილისში ბათუმში თუ შუახევში. ყველაგან ერთი და იგივე მაღალი ხარისხის განათლებაზე უნდა გვქონდეს წვდომა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.