გიორგი გაჩეჩილაძე - რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, არის სახელმწიფო დანაშაული და პროკურატურამ გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წარსული საქმეების დავიწყებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ოპოზიცია მოგვიწოდებს, რომ წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ როგორ შეიძლება მათი დავიწყება? საქართველო როგორ დაივიწყებს სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს, ბოლშევიკური მოძრაობის 20-იან წლებს, რომელიც ტიპური შემთხვევაა რაც ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში. როგორ დავიბრმავოთ თვალები, როდესაც გაყვანილი ბაზები რუსებმა თავიდან წამოგვიჭიმეს, ამდენი დევნილია ჩასახლებული გზებზე და ამდენი რეპრესირებული ადამიანი ქონების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ოპოზიცია მაინც ამბობს, რომ ყველაფერი ეს უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ეს არის სახელმწიფო დანაშაული და პროკურატურამ გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია გაახსენა და რეზოლუციის ის ნაწილი წაიკითხა, სადაც საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის გაუფრთხილებლად დაბომბვაზეა საუბარი. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ამ რეზოლუციას სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი.
„რეზოლუციაში სიტყვა-სიტყვით ასე წერია – 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავ იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებულებები ვალდებულებების დარღვევას, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტილების თვალისაზრისით. ამ სიყალბეს, რომელიც რუსებმა ჩაწერეს რეზოლუციაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა მხარი და იმიტომ ყვირიან ახლაა ასე გულმოდგინედ“,- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.