გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საქმეზე თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა გამოიკითხოს
გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საქმეზე თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა გამოიკითხოს

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით მისცა აღიარებით ჩვენება, როდესაც თქვა, რომ „ხელისუფლების დამხობას ერთი წამი აკლდა“.

ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ინფორმირებულია იმის შესახებ, რისი განხორციელებაც საქართვლოში იგეგმებოდა.

გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ გამოცემა „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი 20 ივნისის საქმზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა გამოიკითხოს.

„ბატონო ირაკლი, ხედავთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, დღეს დილითაც გამოჩნდა, თქვენც იცით და ჩვენც ვიცით, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ გვაქვს საქმე, ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც მთელ თავის მოღვაწეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებზე აგებს. ეს არის უტიფრობის, უზრდელობის, წამების, ათასი უბედურების შემქმნელი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანი არ არის არც საარჩევნო სისტემა, არც არჩევნებში მონაწილეობა, არაფერი, ძირითადი მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია და როგორმე საქართველოში შეწყდეს ის ძირითადი, მსხვილი გეოპოლიტიკური დასავლური პროექტები, რომლებიც დიდი ხანია, ხორციელდება და ბევრი კიდევ გასაკეთებელია. დღევანდელი ფაქტი არ მომყავს, მოგეხსენებათ, ეს არანორმალური ამბავია, მაგრამ ის, რომ ადამიანები პარლამენტში შემოვლენ და საწამლავს დაასხამენ, მოწამლავენ თანამშრომლებს, რა უნდა დავარქვათ ამას სხვა, ესენი ნორმალურები არიან საერთოდ და ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა? ადამიანები, რომლებმაც უამრავი ადამიანი გაანადგურეს ფიზიკურად ქუჩაში, თუ ციხეში, ჩემი მეგობარი იურა ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს, ამას ხომ მოფიქრება უნდა? ამაზე დიდი ბოროტება რა უნდა იყოს? მადლობა თქვენ, რომ იურა ვაზაგაშვილის მკვლელი დღეს ციხეში ზის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე ის შტურმი, რომელიც პარლამენტის ასაღებად იყო მომზადებული და ფაქტობრივად ჯგუფური დანაშაული იყო, წარმოადგინონ საერთაშორისო დონეზეც კი, თითქოს ეს იყო რაღაც გამოხატვის უფლება და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრებად წარმოადგინონ მკვლელები და ხაზინის ქურდები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს გარეთ გაიტანონ, თავი მოჭრან საქართველოს, რათა როგორმე ჩვენი ევროპული, დასავლური ორიენტაცია შეცვალონ და ჩვენი ნატო-ში ურთიერთობა შეაჩერონ. ვის ინტერესებშია ეს, კარგად მოგეხსენებათ, თუ მათ ხელისუფლებაში ყოფნის ისტორიას გადახედავთ, ძალიან კარგად მიხვდებით, მაშინაც ვიზე მუშაობდნენ. ეს შესავალი ტყუილად არ გავაკეთე, ამის მწვერვალი იყო 20 ივნისის ამბავი, შტურმი, რომელიც პარლამენტის ასაღებად იყო მოფიქრებული. იცით, რომ გარდა გარედან შეტევისა, შიგნითაც საშვები იყო დაშვებული ვიღაც უცხო ადამიანების შემოსვლებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ გამოძიება მიდის 20 ივნისის საქმეზე, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ნათელია. ნათელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ მას პირდაპირ ტელევიზიით უყურა, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მისცა აღიარებითი ჩვენება თავის პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს, როდესაც თქვა, რომ ხელისუფლების დამხობას ერთი წამი აკლდაო და ა.შ. ის  გაქცეულია და სისხლის სამართლის საქმეა იმაზე, რა თქმა უნდა, აღძრული, მაგრამ აგერ არის თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც თავის „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდა მელიაო, რომელიც შეჭრას აპირებდა პარლამენტის შენობაში და მოუწოდებდა ხალხსო. ეს ხომ ჩვენებებია? ეს ხომ პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რაც ხდებოდა. ჩერგოლაიშვილი ხომ აქ არის და როგორც ჩანს, ინფორმირებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით, იქნებ, როგორმე გამოკითხოთ მაინც ეს ადამიანი, როგორც ჩანს ინფორმაცია აქვს იმ უბედურებასთან დაკავშირებით, რისი ჩადენაც უნდოდათ მათ საქართველოში“ ,- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.