გიორგი გაჩეჩილაძე - ხელისუფლება ვერასოდეს აღიარებს იმ სიყალბეს, რისი „შეტენვაც“ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეზოლუციით
გიორგი გაჩეჩილაძე - ხელისუფლება ვერასოდეს აღიარებს იმ სიყალბეს, რისი „შეტენვაც“ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეზოლუციით

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს აღიარებს იმ სიყალბეს, რისი „შეტენვაც“ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეზოლუციით.

ჟურნალისტებთან საუბარში გია გაჩეჩილაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩაგდებას გამოეხმაურა.

გაჩეჩილაძის თქმით, როცა კომიტეტის ფარგლებში საქმე საქართველოს ინტერესებს ეხებოდა, როგორც წესი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნორმალური პოზიციის დაფიქსირებას ხელს უშლიდნენ და მათ არც ერთხელ მიუციათ ხმა იმ რეზოლუციისთვის, რომელიც სქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეხებოდა. „ეს ნიშანდობლივია, უნდა გაითვალისწინოთ, რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს. ნატო-სთან ურთიერთობა ინტენსიური გახდა. შავი ზღვის ნატო-ს პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ახლა იხილება და ამ ფონზე ეს პროცესები ვითარდება. ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია როგორმე ჩაიშალოს. ეს არის რუსული რბილი ძალა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია, მოქმედებს. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ფაქტობრივად, ყველაფერი რუსეთს დაუთმეს, მათ შორის, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების რეანიმაცია მოახდინეს, რომელიც გასული იყო და ამით რუსეთი გააძლიერეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში“, – განაცხადა დეპუტატმა.

გია გაჩეჩილაძე რეზოლუციის ჩაგდების თაობაზე თამარ ჩუგოშვილის კრიტიკასაც გამოეხმაურა.

„თამარ ჩუგოშვილი ვიდრე უმრავლესობიდან გავიდოდა, სხვას ამბობდა. არ ვიცი, როგორ შეიცვალა პოზიცია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს აღიარებს იმ სიყალბეს, რისი „შეტენვაც“ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეზოლუციით. მოწმე ვარ, საქართველოში, ევრონესტის სხდომაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ შემოაპარა ყალბი სია, თითქოს, საქართველოში 87 პოლიტპატიმარი იყო”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.