თამარ ჩუგოშვილი - რეზოლუციის ჩავარდნა ცუდი პრეცედენტია, მდგომარეობა გვირთულდება და სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ რამე გაიგო
თამარ ჩუგოშვილი - რეზოლუციის ჩავარდნა ცუდი პრეცედენტია, მდგომარეობა გვირთულდება და სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ რამე გაიგო

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში დეკლარაციის ჩაგდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს იმ მძიმე განწყობებს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით დასავლურ სტრუქტურებში არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ევროპარლამენტისა და საქართველოს დელეგაციის უმრავლესობის პოზიციები ერთმანეთს იმდენად დაშორდა, რომ ფიზიკურად საერთო შეხების წერტილების და ისეთი ტექსტის გამოძებნა ვერ მოხდა, რომელიც როგორც ევროპარლამენტისთვის, ასევე საქართველოს დელეგაციისთვის მისაღები იქნებოდა.

მისი თქმით, აქამდე არ მომხდარა, იმხელა წინააღმდეგობა და უფსკრული ყოფილიყო პოზიციებს შორის, რომ განცხადების მიღება  შეუძლებელი გამხდარიყო.

„ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. მდგომარეობა გვირთულდება და გვიმძიმდება. სამი თვეა, ვამბობ, რომ ყოველდღიურად უარესი იქნება, თუ ხელისუფლება თავის პოზიციას და არასწორ გზავნილებს არ შეცვლის, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში გზავნის. სამი თვეა, ვამბობთ, ვითარება სულ უფრო დამძიმდება და ბოლოს, ამ ფასის გადახდა მოუწევს არა ერთ პოლიტიკურ ძალას, არამედ მთიანად ქვეყანას. ამ რისკებში შესვლა დაუშვებელია. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრიდან რამეს იგებს და თავის ტაქტიკას ცვლის. მათ ქმედებებს გაუმჯობესების არაფერი ეტყობა. ნაბიჯები და განცხადებები, რომელიც პარტნიორებთან ისმის, ურთიერთობის დამძიმებას იწვევს. საუბარი 14 ნოემბრიდან დავიწყეთ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობის ჩამოშლა გველოდებოდა”, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

დეპუტატის მოსაზრებით, თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის ქვეყანამ შეიძლება, ბევრი ცუდი შედეგი მიიღოს.

„შეიძლება, ეს იყოს ცუდი შედეგი არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რაც გუშინ მოხდა, ასეთი რამ არ მომხდარა. იმხელა დისტანცია, მიუღებლობა და შეუთანხმებლობაა პოზიციებში, უპრეცედენტო რამ მოხდა, რეზოლუცია ჩავარდა. ევროპარლამენტი და ხელისუფლება ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნებოდა. კიდევ უფრო მძიმე იქნება მომავალში, თუ ხელისუფლება თავის ტაქტიკას არ შეცვლის. გამოსავალია მხოლოდ კომპრომისი. გზავნილი, რომ ყველაფერი ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, უკვე მათ წინააღმდეგ მუშაობას. ამას უკვე არავინ იღებს. იმაზე საუბარი უხერხულია, რომ რვა წელია ხელისუფლებაში ვარ და ვერ მოვახერხე, ადამიანებს ავუხსნა,  რა ხდება ქვეყანაში. ამის თქმა შემრცხვებოდა, არ ვიტყოდი“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დეპუტატი არ ფიქრობს, საქმე სანქციებამდე მივიდეს, მაგრამ არც არაფერს გამორიცხავს.

„რაც შეეხება სანქციების თემას, ცოტა ხნის წინ სანქციებზე საუბარი სრულიად არარეალისტური იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ მძიმე ნაბიჯებში პარტნიორები არ შევიდოდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობას იმდენად ვამწვავებთ და წლების მანძილზე ნაშენებ რეპუტაციას იმდენად ვიფუჭებთ, ახლა გასაკვირი და გამორიცხული არაფერია. მაინც არ მგონია, საქმე სანქციებამდე მივიდეს, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავ, როგორც ცოტა ხნის წინ გამოვრიცხავდი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.