გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის სქემას ამზადებს და მოლაპარაკებები მათ ინტერესში არ შედის
ფრაქცია „მწვანეების“თავმჯდომარის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან მათ არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებთ, დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებული და არჩევნებისთვის დესტაბილიზაციის სქემას ამზადებენ.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი გაჩეჩილაძე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის მათი მიზანი. ეს გამოჩნდა კიდეც გუშინდელი სხდომის შემდეგ. ყველასთვის ნათელი იყო, რომ 10 თებერვალს უნდა გამოეცხადებინათ უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება და ამას დაამთხვიეს მათი შეკრება, რომ შემდეგ ეს მოლაპარაკების ჩასაშლელად გამოეყენებინათ. ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი. ევროკავშირის შუამავლობით ერთი მაგიდის გარშემო დასხდნენ და ისაუბრეს, თუმცა ანგარიში არავის გაუწიეს. უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებული იყო კარგი ვარიანტი, რაც არ მიიღეს“ ,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 4 აპრილს ოთხ საათზე, რუსთაველზე მოიწვიოს საქართველოს სრულიად სახალხო ყრილობა, მიტინგი, სადაც გამოცხადდება ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიული და ისტორიული გეგმა.