შალვა ნათელაშვილი - ვიწყებთ მზადებას დიდი სახალხო თავყრილობისთვის, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია
შალვა ნათელაშვილი - ვიწყებთ მზადებას დიდი სახალხო თავყრილობისთვის, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია

საქართველოს პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 4 აპრილს ოთხ საათზე, რუსთაველზე მოიწვიოს საქართველოს სრულიად სახალხო ყრილობა, მიტინგი, სადაც გამოცხადდება ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიული და ისტორიული გეგმა, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ განაჩენს მოაწერა ხელი.

„რეჟიმი გადავიდა დიქტატურაზე, რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დაჭერებზე, რეპრესიებზე, დათრგუნვაზე. ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს, არ შეუშინდება, არ შეურიგდება და ამიტომ ამ წუთიდანვე ვიწყებთ მზადებას ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისთვის. ხელისუფლების საქმე დამთავრებულია, მან თავის განაჩენს უკვე მოაწერა ხელი. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაფორმოთ ისე ღირსეულად, როგორც გვჩვევია და როგორც შეგვეფერება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრების შესახებ, მხოლოდ ერთი გზა დატოვა.

„ხელისუფლებამ გუშინ გადაწყვეტა, პირდაპირ მოლაპარაკების პროცესში, პირდაპირ აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ღონისძიების წუთებში, დაეპატიმრებინა პოლიტიკური ლიდერი, შეწყვიტა მოლაპარაკებების, დიალოგისა და კომპრომისების გზა და  დატოვა ერთადერთი გზა, შეიცვალონ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ეფექტურად, მშვიდობიანად“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.