გიორგი დევდარიანმა ნაკრებში ხასიათი დაინახა - ზივზივაძესთან მიმუშავია და ამ ბიჭის მჯერა #1TVSPORT
გიორგი დევდარიანმა ნაკრებში ხასიათი დაინახა - ზივზივაძესთან მიმუშავია და ამ ბიჭის მჯერა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში ბოსნიასთან საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ცნობილმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა შეაფასა.

„ჯერ ჩემი გულისტკივილი და სოლიდარობა მინდა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. ვისურვებ, რომ მალე ამოისუნთქონ ამ უდანაშაულო და გმირმა ხალხმა.

ბოსნიასთან თამაშს რაც შეეხება. მოგება გვიხარია. პირადად მირჩევნია, თამაში იყოს უსახური, მაგრამ გუნდმა მოიგოს, ვიდრე სულ გაუბედურებულები და დამარცხებულები ვიყოთ. კარგი მომენტებიდან გამოვარჩევდი იმას, რომ რგოლებს შორის მოკლე მანძილი იყო და ბოსნიელები თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ.

მეორე კარგი ისაა, რომ ტაქტიკა, 5 მცველის და სამი საყრდენის დაცვით ფაზაში აქტიურობა კვარაცხელიასა და ზივზივაძეს ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევდა, რაც შეტევაში მათ მოქმედებას უფრო პროდუქტიულს ქმნიდა. ეს თითქოს უმნიშნველო დეტალია, მაგრამ მე ვთვლი, რომ თამაშზე გავლენა მოახდინა.

ჩანდა ხასიათი, რომ უნდოდათ მოგება – თითქოს, საქართველოს ნაკრებმა მოგების გემო ისევ გაიხსენა. შესაძლოა, ბევრი ორთაბრძოლა ვერ მოვიგეთ, მაგრამ თითოეულ ამ დაპირისპირებაშიც ჩანდა, რომ კონტაქტში შედიოდნენ და დათმობა არავის უცდია.

რაც შეეხება მინუსებს, დაცვით ფაზაში რამდენჯერმე ხელოვნური თამაშგარის შექმნის მცდელობისას შევცდით და კინაღამ დავისაჯეთ – განაპირა მცველები ხშირად თამაშგარის ხაზს უკან ჩამორჩებოდნენ.

მეორე – ჩემი აზრით, კვეკვესკირის წინ ორი ნახევარმცველი შეტევაში უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ. ერთი ეპიზოდი იყო, დავითაშვილი შეტევაში ჩაერთო და ეს ეპიზოდი კინაღამ გოლით დასრულდა. ტუხელის „ჩელსიში“ ეს სამი ნახევარმცველი აქტიურები არიან შეტევებში და იმედია, შემდეგ თამაშებში ამას დავინახავთ.

კიდევ ერთი – კვარაცხელია ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ფლანგებდიან და ამას ჩვენი გუნდითვის გადამწყვეტი როლი აქვს. ალბათ, უკეთ იქნება დაგეგმილი, რომ ხვიჩას უფრო მეტად შეეძლოს ფლანგზე გადასვლა და ბურთის აღება, რომ მის შეტევებს ჩვეული სიმწვავე ჰქონდეს.

ჩვენ ახლა დაგვაკლდა ხოჭოლავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი – სწორედ ის ერთი ნახევარმცველია, რომელიც დაცვით ფაზაში აქტიურია და შეტევასაც მიყვება და დამთავრებაც შეუძლია.

ზივზივაძესთან მიმუშავია და მის მიმართ სიმპათია მაქვს. მე ამ ბიჭის მჯერა. ერთი პერიოდი, ნაკრებში არ იძახებდნენ და რამდენიმე გადაცემაში გამოვედი და ვთქვი, რომ ის თამაშს იმსახურებდა. მერე ერთი თამაში მისცეს, რომელიც ჩააგდო და მერე დიდი ხანი ისევ აღარ იწვევდნენ. არადა, ჩვენ გვინახავს ფორვარდები, 15-20 გოლი არ გაუტანიათ და მაინც თამაშობენ, ერთი თამაშის ჩაგდებისთვის შანსი არ მისცე, გაუგებარია.“