საქართველოს ნაკრებმა წელი მოგებით დაიწყო - „ჯვაროსნებს“ გამარჯვება ზივზივაძემ მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა წელი მოგებით დაიწყო - „ჯვაროსნებს“ გამარჯვება ზივზივაძემ მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა წლის პირველ მატჩი გამართა – ქალაქ ჟენიცასბილინო პოლეზე“. „ჯვაროსნები“ დაუპირისპირდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს, რომელიც თავს ფავორიტად მიიჩნევდა და ეს მძიმე დაპირისპირება ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

 

 

ბოსნიელებმა თამაში აქტიური პრესინგით დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ შექმნეს – ადნან კოვაჩევიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და საქართველოს ნაკრები გადარჩა. მე-14 წუთზე შანსი ედინ ჯეკოსაც ჰქონდა, მაგრამ ბოსნიელთა კაპიტანმა ზუსტად ვერ დაარტყა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-18 წუთზე შექმნა – გიორგი აბურჯანიამ მარცხენა ფლანგზე შეტევა ხვიჩა კვარაცხელიას გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმოში ზურიკო დავითაშვილი მოძებნა, მას კი მცველმა ხელი შეუშალა და ახლოდან დარტყმა ვერ მოახერხა.

23-ე წუთზე გურამ კაშია შეცდა – ერმედინ დემიროვიჩმა საჯარიმოსთან ბურთი აართვა, წესიც დაარღვია, რაც მსაჯმა არ შენიშნა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი თავზე გადაუგდო და კარს ააცილა.

27-ე წუთზე ჩრდილომაკედონიელმა მსაჯმა მასპინძლები აშკარად დაინდო – ლაშა დვალმა მეკარესთან პირისპირ ბუდუ ზივზივაძე დატოვა, მაგრამ ლაინსმენმა უსაფუძვლოდ თამაშგარე დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებს რეალური საგოლე შანსი წაართვა.

43-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გადარჩა, როდესაც მასპინძლებმა ჯარიმა შეასრულეს – კარში ედინ ჯეკომ დაარტყა და გიორგი ლორიამ გუნდი გადაარჩინა, დამატებაზე კი გოლი არ ჩათვალეს, რადგან ბოსნიელთა შემტევი თამაშგარეში იყო და ტაიმი 0:0 დასრულდა.

ანგარიში კი 48-ე წუთზე გაიხსნა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად გაამწვავა თამაში და საჯარიმოში შეტევა გაუგრძელა ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც მცველს გასცდა და საქართველო დააწინაურა – 1:0. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა კარში პირველად სწორედ ამ მომენტში დაარტყა, ხოლო ზივზივაძემ ნაკრებში პირველად მოახერხა გატანა.

ბოსნიელებმა შეუტიეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი 72-ე წუთზე ისევ საქართველოს ნაკრებმა შექმნა. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ოთარ კაკაბაძეს მცველმა ხელი ჰკრა – ჩვენი ფეხბურთელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა თამაში განაგრძო.

73-ე წუთზე უკვე ჩვენი ნაკრები გადარჩა – მეკარესთან პირისპირ მიროსლავ სტევანოვიჩი დარჩა, მაგრამ ლორია ფეხებში შეუვარდა და არ გაატანინა. ბოლო წუთებზე ბოსნიელებმა შტურმი მოაწყვეს, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ, საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური მატჩი მოგებით დაასრულა 1:0.

შემდეგ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 29 მარტს გასვლაზე ალბანეთთან გამართავენ.


ბოსნია ჰერცეგოვინა – საქართველო 0:1


გოლი: 0:1 ზივზივაძე (48. კვარაცხელიას პასით)

25.03. 2022. ჟენიცა, „ბილინო პოლე“.

საქართველო: ლორია- კაკაბაძე, კაშია, დვალი (79. ჩაბრააძე), გიორბელიძე (63. წიტაიშვილი)- კვეკვესკირი, აბურჯანია (63. მექვაბიშვილი) – ლობჟანიძე (63. კვირკველია), დავითაშვილი (75. გვილია), კვარაცხელია (75. ბერიძე)- ზივზივაძე

სათადარიგოები: კუპატაძე, მამარდაშვილი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ვოლკოვი, ყაზაიშვილი

ბოსნია-ჰერცეგოვინა: შეჰიჩი – აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი (76. გაზიბეგოვიჩი), სანიჩანინი (59. მილიჩევიჩი)- სვეტანოვიჩი (87. მენალო), კოლაშინაცი, გოიაკი (76. რაჰმანოვიჩი), ჰაჯიახმეტოვიჩი, კრუნიჩი (59. დანილოვიჩი) – დემიროვიჩი (87. პრევლიაკი), ჯეკო.

სათადარიგოები: ვასილი, ვ. კოვაჩევიჩი, ჩივიჩი, ნაძიკადუნიჩი, ნალიჩი, დედიჩი

მთავარი არბიტრი: ალექსანდრე სტავრევი (ჩრდილოეთ მაკედონია)

გაფრთხილებები: აბურჯანია (24), დავითაშვილი (56), წიტაიშვილი (72)

ფოტოები: GFF.GE