გიორგი დევდარიანი - „დინამოში“ მწვრთნელი ახალი შეცვლილია და დუღილის ისეთი ტემპერატურაა, იქ თავისუფალი და შემოქმედებითი ვერ იქნები #1TVSPORT
გიორგი დევდარიანი - „დინამოში“ მწვრთნელი ახალი შეცვლილია და დუღილის ისეთი ტემპერატურაა, იქ თავისუფალი და შემოქმედებითი ვერ იქნები #1TVSPORT

ცნობილმა ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლაზე ისაუბრა და წარუმატებლობის მიზეზები დაასახელა.

„როდესაც გადაცემაში მომიწვიეთ, მეგონა, რომ შემდეგ ეტაპზე ერთი ქართული გუნდი მაინც გავიდოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მოხდა ის, რაც ბოლო წლებია აღარ გვაკვირვებს, მივეჩვიეთ და გულს გვტკენს.

– მიმაჩნია, რომ ბათუმის „დინამოს“ გაცილებით მეტი შეეძლო და გუნდის გამოვარდნა ძალიან განვიცადე. ვიცი, ეს მატჩი მისი განვითარებისთვის რას ნიშნავდა. იგივე ბათუმელი გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც წაგების მიუხედავად, სტადიონი შეავსეს. „საბურთალოში“ განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, მათი გამოსვლა გამიკვირდა – ცოტა ხნის წინ მწვრთნელიც წავიდა, რამდენმა ფეხბურთელმა დატოვა და ფაქტობრივად, გუნდი დაიშალა. „საბურთალოს“ დასამშვიდებლად ის აქვს, 22 კაციდან 17 მათი აღზრდილი იყო და თუ მათი ერთ ბირთვად შენარჩუნება მოხერხდება, სამომავლოდ, „საბურთალოს“ წარმატებაზე ფიქრი შეიძლება.

„დინამოშიც“ ორი კვირით ადრე მწვრთნელი შეიცვალა და დუღილის ისეთი ტემპერატურაა, რომ იქ ვერ იქნები თავისუფალი და შემოქმედებითი. ამას გულისტკივილით ვამბობ, მაგრამ („დინამოში“) მეც ვმუშაობდი – ფეხბურთელი რომ გაიხსნას და მწვრთნელმა იმუშაოს, სჭირდება ნდობა. ეს მარტივი რამაა. იქ კი თითქოს ნდობის ნაკლებობაა დამოკიდებულებებში და ეს გუნდში მიმდინარე პროცესებსაც ეტყობა.

– აზერბაიჯანის, სომხეთისა და ლიეტუვის გუნდები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ მათი ბიუჯეტები 20 მილიონი ევროა, ჩვენთან კი მაქსიმუმ 15 მილიონი ლარი. წარმატების მიღწევა თუ გვინდა საკლუბო დონეზე, ბიუჯეტების გაზრდა და ლეგიონერების ჩამოყვანა აუცილებელია“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი დევდარიანმა.