საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - მამარდაშვილს და კვარაცხელიას გვერდით ტოპ ლიგებში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებიც სჭირდებათ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - მამარდაშვილს და კვარაცხელიას გვერდით ტოპ ლიგებში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებიც სჭირდებათ #1TVSPORT

ასაკობრივი ნაკრებებში ნამუშევარმა გიორგი დევდარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების მდგომარეობაზე ისაუბრა და მის პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, ობიექტური ვიყო. რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდეს, მაგრამ აზრი ორად გაიყო – არის პესიმიზმის და ოპტიმიზმის საფუძვლებიც, ნახევრად სავსე და ცარიელი ჭიქის ვარიანტია. მინდა, ნახევრად სავსე ჭიქა დავინახო, მაგრამ გამოჩნდება, ეს რამდენად რეალურია.

საქართველოს ნაკრებს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია, მაგრამ შედარებით ძლიერ გუნდებთან სტაბილურად რამდენიმემატჩიანი გადაბმული სერია არ გვინახავს. ერთა ლიგა სხვა დონეა, ევროშესარჩევში კი სულ სხვა მოთხოვნებია.

რა იქნება, წინასწარ ვერ გავთვლი. დადებითი მხარეები გამოჩნდა და ოპტიმიზმის საფუძველიც არის, მაგრამ მამარდაშვილს და კვარაცხელიას გვერდით ტოპ ლიგებში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებიც სჭირდებათ. ვინც ბავშვთა ფეხბურთში ვართ, ჩვენი წილი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და ტოპ ლიგებისთვის მეტი მოთამაშე გავზარდოთ.

რა პრობლემას ვხედავ? საქართველოს ნაკრებს პრესინგის ქვეშ თამაში უჭირს. ნორვეგია მეკარეს ბურთის შემოტანის საშუალებას არ აძლევდა, ჩვენს ფეხბურთელებს კი ერთი შეხებით თამაში უჭირდათ. ეს ბავშვობიდანაა სამუშაო და უცებ ვერ მოაგვარებ. მირჩევნია, თუ საშუალება მომეცემა, ჩემი იდეები გუნდში განვახორციელო, ვიდრე ვინმეს ჭკუა დავარიგო.

ახლა დაახლოებით რეპეტიტორის როლში ვმუშაობ. სხვადასხვა გუნდიდან მწვრთნელები ხშირად აგზავნიან მოთამაშეებს, რომლებსაც ბურთთან მუშაობა უჭირთ, კლუბებს საამისოდ არც სივრცე აქვთ და არც დრო.

მომხრე ვარ, რომ ევრო 2023-ზე ახალგაზრდულ ნაკრებში ეროვნულიდან ყველა საუკეთესომ ითამაშოს. ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და გამორჩეულების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ჩემი პატივისცემა უნდა დავაფიქსირო ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, რამაზ სვანაძის მიმართ, რადგან ისეთი თამაშები მოიგო, იდეების ნაკლებობა არ ეტყობა და გუნდიც ხელში ჰყავს აყვანილი, მაგრამ მწვრთნელს შემსრულებლების გარშე ძალიან გაუჭრდება“, – ამბობს გიორგი დევდარიანი.