გიორგი ცუცქირიძე - წმინდა ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიურად აისახება
წმინდა ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება, – ამის შესახებ საბანკო და საფინანსო საკითხებში ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდო.
„ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს, რაც 3.6 პროცენტით ნაკლებია. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და სავალუტო კურსზე ზოგადად“, – განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, თუ 2016 წელს ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი 54.6 პროცენტი იყო, შემდეგ წლებში კლება იწყო და შარშან 47.7 პროცენტმადე შემცირდა, ხოლო წელს პირველი ხუთი თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზე 40.9 პროცენტამდეა შემცირებული.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია როგორც დსთ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში, წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე დსთ-ის ქვეყნებში.
მისივე განმარტებით, თუ 2015 წელს იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 76.8 პროცენტი იყო, მიმდინარე წელს მისი მაჩვენებელი 70.4 პროცენტამდეა შემცირებული, სამაგიეროდ, ექსპორტის წილი გაზრდილია 23.2 პროცენტიდან 29.6 პროცენტმადე.
„ვხედავთ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება უკვე დადებითად აისახა სავაჭრო ბრუნვაზე, რასაც თუ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარს გავითვალისწინებთ, აქვს ძალზე მზარდი პერსპექტივა, ისევე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის და უკვე ნომერ პირველ მეგა ეკონომიკასთან აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივას. ეს აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვას და საექსპორტო საქონლის დივერსიფიცირებით, წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკას შეუწყობს ხელს, აქ წარმოებული პროდუქციის გატანით საერთაშორისო ბაზრებზე,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ.
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-მაისში 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს – 14.2 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე, ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს, 3.6 პროცენტით ნაკლები.