გიორგი ცუცქირიძე - სესხის რესტრუქტურიზაციის რამდენიმე ფორმა არსებობს, გადავადება, გაყინვა, ახალი გრაფიკის შედგენა
სესხის რესტრუქტურიზაციის რამდენიმე ფორმა არსებობს – გადავადება, გაყინვა, უმუშევრად დარჩენილი მომხმარებლისთვის ახალი გრაფიკის შედგენა და ა.შ, რასაც ბანკები აკეთებენ, – განაცხადა „საბანკო ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ცუცქირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხშირად, რატომ არ ასრულებენ ბანკები ვალდებულებას, რომ მიმართვის შემთხვევაში, პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ და კლიენტს მოარგონ, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ერთეული შემთხვევები, შესაძლოა, არის, მაგრამ სესხების რესტრუქტურიზაცია მასობრივად ხდება.
გიორგი ცუცქირიძემ „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, მამისა ჯაფარაშვილსაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს დიდი კომერციული ბანკების მფლობელები უცხო ქვეყნები არიან, რომლებიც თავიანთი ბანკებით ქვეყანას ახრჩობენ.
„რომ ამბობთ, ჩვენი ბანკები უცხოელების არისო, უცხოურ კაპიტალს საქართველოში იქაური გამოცდილება, პროდუქტები და ინოვაციები შემოაქვს. გარდა ამისა, პირველი, აღმოსავლეთ ევროპაში საბანკო კაპიტალის 85% უცხოური კაპიტალია. მეორე, საქართველოში უცხოური კაპიტალი რომ არ ყოფილიყო, საბანკო სისტემა ასეთი არ იქნებოდა. მესამე, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, რომ საქართველოს საბანკო სისტემა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წარმატებულია. მეოთხე, საქართველოს საბანკო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ეროვნული ბანკის ნაწილია, რისკების მართვაში აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წარმატებულ მოდელად არის აღიარებული“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.