საქართველოს საბანკო ასოციაცია - საბანკო სექტორი მზად არის, განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები
საქართველოს საბანკო ასოციაცია - საბანკო სექტორი მზად არის, განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები

საბანკო სექტორი მზად არის, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა, – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზად არის, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა.

2020 წლის ივნისიდან საბანკო სექტორი მუდმივ რეჟიმში სწავლობს და რეაგირებს კომპანიების შეცვლილ მოთხოვნებზე და რეალობაზე. ნებისმიერი განცხადება საბანკო სექტორის შესაძლო ქმედითუნარიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველმოკლებულია. 2019-2020 წლების განმავლობაში შექმნილი კაპიტალის ბუფერები და რეზერვები იძლევა სისტემის მდგრადი განვითარების საშუალებას.

მსესხებლები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონისძიებების შედეგად, უნდა დარეგისტრირდნენ მთავრობის მიერ დაანონსებულ პორტალზე, რაც მათი განაცხადების დაჩქარებული დაკმაყოფილების საშუალებას შექმნის. ის მსესხებლები, რომელთა შემოსავლების სტრუქტურა შეიცვალა ან შემცირდა, შემცირების დამადასტურებელი საბუთებით მომართვის შემთხვევაში, სექტორი ინდივიდუალურად განიხილავს მათ განაცხადებს და შესაბამისად, ინდივუდუალურად მიიღებენ გადავადების თუ რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.