გიორგი ცუცქირიძე - სემეკ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვისაც, თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით
სემეკ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიიდში, ისე ბიზნესისათვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.
ეკონომისტის თქმით, სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მოსახლეობა, ფაქტობრივად, დაუბრუნდა გაძვირებამდე ტარიფს.
„როდესაც 2021 წლის ბოლოს სემეკ-ის მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზრდა, მისი საფასურის მატება დიდწილად იმ პერიოდში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგი იყო. თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით გაიზარდა. ტარიფები გაიზარდა იურიდიული პირებისთვის საშუალოდ 11 თეთრით. სემეკ-ის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან იყო უხვი სპეკულაციები ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, აქცენტები კი ზამთრის პერიოდზე იყო გადატანილი. ნიშანდობლივია, რომ დღეს სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (სამომხმარებლო და კომერციული) მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა, ფაქტობრივად, დაუბრუნდა გაძვირებამდე ტარიფს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღნიშნული ტარიფი სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება. შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ერთ კვტ.სთ-ზე, 18.041 თეთრის ნაცვლად, 15.041 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე, 22.053 თეთრის ნაცვლად, 19.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ, 26.537 ნაცვლად, 23.537 თეთრს. მიმაჩნია, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიიდში, ისე ბიზნესისთვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით. სემეკ-ის გადაწყვეტილება კი შესაძლებელი გახდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორი წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებით, რამაც, თავის მხრივ, ლარის გაცვლითი კურსის შეუქცევად გამყარებასაც შეუწყო ხელი“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდა.