გიორგი ცუცქირიძე - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ საბჭოში არ დაბრუნებულან
„თიბისი ბანკ ჯგუფის“ (TBCBANK Group PLC) აქციონერთა კრების გადაწყვეტილება არ ეხება „თიბისი ბანკის“ დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციის დაკავებას, – ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქპოსტს“ გამოეხმაურა.
მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლონდონში ახლახან დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა კი, ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში მისი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას.
ცუცქირიძე განმარტავს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის საბჭოში არ დაბრუნებულან.
„აქციონერთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ბანკის მშობელ კომპანიაში – TBCBANK Group PLC („თიბისი ბანკის“ 100 პროცენტიანი აქციონერი ლონდონში) მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას იმავე პოზიციაზე, რა პოზიციაც ეკავათ მანამდე დირექტორთა საბჭოში.
შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკის“ დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციის დაკავებას. აქედან გამომდინარე, ეს არანაირ კავშირში არ არის ეროვნულმა ბანკის, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე, რომლის მიხედვითაც „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა ორთვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის“, – აცხადებს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, პოსტების დატოვების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს, როგორც მესაკუთრეებს ბანკში ჯამური 20 პროცენტიანი წილი შეუნარჩუნდათ.