გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური და ბიზნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე „ფრონტერასთან“ მიმართებაში მთავრობა სწორად მოიქცა
კომპანია „ფრონტერასათან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე დადებითად აფასებს.
მისი შეფასებით, პოლიტიკური და ბიზნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მთავრობა სწორად მოიქცა.
„სახელმწიფოს შეეძლო, გაეწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ იმ ერთი პროცენტის დატოვების გარეშეც და მოეთხოვა დამატებითი ვალდებულებების ანაზღაურება ან არ გაეწყვიტა კონტრაქტი და გარკვეული პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინა. როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს ცნობილი ხდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, დღეს საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ეკონომიკურ კრიზისშია და ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება.
„პოსტპანდემიური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით უნდა პოზიციონირებდეს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა პოზიცია გაძლიერებული უნდა გვქონდეს. ნებისმიერი კრიზისის დროს უნდა მოვიპოვოთ ნიშა, რომელიც დარჩება. მის გარეშე პოსტპანდემიურ პერიოდზე გასვლა გაგვიჭირდება“, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.