გიორგი ცხვიტავა - რეზერვი აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო და კარგია, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო
გიორგი ცხვიტავა - რეზერვი აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო და კარგია, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო

რეზერვის კონცეფციის დეტალებისა და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს, – ამის შესახებ პირველი არხის სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვის კონცეფცია ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ არსებობდა და კარგია, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან რეზერვი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

„2008 წლის რუსული აგრესიის დროს აშკარად გამოჩნდა რეზერვის ხარვეზები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი. კარგია, რომ რეზერვის სისტემაზე ფიქრი მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა, კონცეფცია ფაქტობრივად არ არსებობდა ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. როგორი ფორმა ექნება და რა დეტალები იქნება დამატებით ცნობილი, ამას ალბათ უფრო პარლამენტში განხილვების დროს შევიტყობთ“, – აღნიშნა ცხვიტავამ.

პირველი არხის სამხედრო მიმომხილველის თქმით, რეზერვის კონცეფციასა და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტთან მიმართებით კითხვის ნიშნები არსებობს.

„ფაქტი ერთია – ჯერჯერობით კითხვის ნიშნები აქვს არამხოლოდ რეზერვის კონცეფციის დეტალებს, არამედ, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტსაც, იმიტომ, რომ უცნობია, რა თანხები არის გათვალისწინებული რეზერვის ამ ტიპის, ამ სახეობებისთვის, რაზეც არის საჯაროდ საუბარი და ასევე, საინტერესოა როგორ მოახერხებს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტის მენეჯმენტს იმ პირობებში, როდესაც მისთვის აუცილებელია ახალი შეიარაღების შეძენა. უნდა იყოს გათვალისწინებული შეიარაღების შესყიდვის პროცენტის ზრდა და ამავე პერიოდში საკმაოდ საინტერესოა, როგორ მოახერხებს თავდაცვის სამინისტრო სწორედ მის მიერ წარდგენილი ინიცირების – რეზერვის მთლიანი სისტემის ამოქმედების დაფინანსებას“, – აღნიშნა ცხვიტავამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია დღეს გამოაქვეყნა.