გიორგი ჩოგოვაძემ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ახალ უფროსს ეკონომიკის სამინისტრო დღის მეორე ნახევარში წარადგენს
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ჩოგოვაძემ აღნიშნულ კომპანიაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მას ახალი სფერო ჩაბარდება.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელს დღეს დღის მეორე ნახევარში წარადგენს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გასწია. დიდ მადლობას მოვახსენებთ ამისთვის, მაგრამ მას ახალი გამოწვევა აქვს და ახალი სფერო ჩაბარდება. ჩვენ დღეს ახალ ხელმძღვანელს წარვადგენთ დღის მეორე ნახევარში, ასევე ძლიერს, პროფესიონალს. გპირდებით წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის იქნება ახალი პროექტების წელი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია.
„ფართოვდება ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა. გასულ წელს ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი იყო – 9,3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. მათი დიდი ნაწილი შემოდის საჰაერო გზებით, „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი“ არის ჩვენი სტრატეგიული ობიექტი. წელს უნდა დასრულდეს ახალი ტერმინალის მშენებლობა და გაფართოება. გვაქვს ახალი გამოწვევები თბილისის აეროპორტთან, ასევე ბათუმის აეროპორტის გაფართოებაც იგეგმება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.