გიორგი ჩოგოვაძე - ქუთაისის აეროპორტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი ეფექტი აქვს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირიდან კიდევ ერთი ახალი პირდაპირი რეისი შესრულდა. პოზნანის რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. პირველ მგზავრებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დახვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ჩოგოვაძის განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ავიაკომპანიებთან, რათა ევროკავშირიდან საქართველოში დამატებითი მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოვიდნენ.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია უდიდესი ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. მათ შორის ევროკავშირიდან მაღალმხარჯველი ტურისტების შემოყვანის ნაწილში. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავისახეთ ამოცანად, რომ გავზარდოთ რეისებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებენ. მხოლოდ ავიაკომპანია „ვიზეარის“ შემთხვევაში, თუ 2018 წელს რეისები ქუთაისიდან 19 მიმართულებით სრულდებოდა, 2019 წლის ბოლომდე მათი რიცხვი 30-ს გადააჭარბებს. ხოლო 2020 წლის განმავლობაში 40-ს გადასცდება იმ რეისების რაოდენობა ევროკავშირის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია შეასრულებს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის შვიდი ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით ხორციელდება.