გიორგი ჩოგოვაძე - ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება
საერთო ჯამში, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება, – ამის შესახებ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა ავიაკომპანია „ვიზ ეართან“ (Wizz Air) 12 ახალი მიმართულების შესახებ შეთახმების გაფორმების შემდეგ.
,,ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს, 2019 წლის ბოლოსთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში „ვიზ ეარის“ ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობის ოთხამდე გაზრდას, 2020 წლისთვის კი, ხუთამდე. საერთო ჯამში, ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებაზე იფრენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ვიზ ეარი“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ შებოკმა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.
შეთანხმების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბადენ-ბადენის, ვენეციის, ნეაპოლის, ნიცის, პიზის, სტოკჰოლმის, ნიურნბერგის, პოზნანის, ჰერაკლიონისა და ტურკუს მიმართულებით შესრულდება. საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
,,ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი უნდა იყოს რეგიონული ცენტრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისა და ავიაშეთავაზებისთვის. ეს კი, საშუალებას მისცემს უცხოელ ტურისტებს, ევროკავშირის ტურისტებს უფრო მეტი რაოდენობით ჩამოვიდნენ საქართველოში. დაანონსებული მიმართულებები უკვე გაყიდვაშია. ასე, რომ ყველას საშუალება აქვს იფრინოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზ ეარით“, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. 2020 წლის ზაფხულიდან კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.
2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.