გიორგი ჩოგოვაძე - ქუთაისის აეროპორტი 2020 წელს ოთხჯერ უფრო დიდი იქნება
ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება აქტიურად მიმდინარეობს და 2020 წელს გვექნება ოთხჯერ უფრო დიდი აეროპორტი, როგორც ფიზიკურად, ასევე მგზავრთა გამტარუნარიანობითაც“, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
ჩოგოვაძის განმარტებით, ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ ამ მიმართულებით რეგიონის ცენტრი გახდეს.
„ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის საშუალება, არამედ ჩვენს თანამოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ევროპაში მეტი იმოგზაურონ“,- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება სარკინიგზო ხაზს, რომლის ამოქმედებაც იგეგმება, ჩოგოვაძე ამბობს, რომ აღნიშნული სადგური ქუთაისის აეროპორტიდან 2 კილომეტრში იქნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება კი, სადგურიდან ტერმინალამდე და უკან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
„კოპიტნარის რკინიგზის სადგური იმ თანამედროვე ტექნიკური სტანდარტებით მოეწყობა, რომელიც ახალი, თანამედროვე შემადგენლობის მისაღებადაა საჭირო“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.