გიორგი ჭირაქაძე - შს მინისტრისგან მოვისმინეთ მკაფიო პოზიცია, რომ იმ ნაწილში, სადაც ბიზნესის ინტერესი არის დასაცავი, იქნება ბიზნესის მხარდამჭერი
შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ მკაფიო პოზიცია, რომ იმ ნაწილში, სადაც ბიზნესის ინტერესი არის დასაცავი, იქნება ბიზნესის მხარდამჭერი, – ამის შესახებ ბიზნესის წარმომადგენლებისა და შს მინისტრის შეხვედრის შემდეგ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გია ჭირაქაძემ განაცხადა.
„ერთ-ერთი თემა, რასაც შეხვედრაზე შევეხეთ, იყო ჰესების მშენებლობაც. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული თემაა, მაგრამ იმ კონტექსტში, სადაც ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა, ბიზნესი შეიძლება, დაზარალდეს, ჩვენ მკაფიოდ მოვისმინეთ გიორგი გახარიასგან, რომ აუცილებლად იქნება ბიზნესის მხარდამჭერი“, – აღნიშნა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, გიორგი გახარია ჯერ ომბუდსმენი იყო, შემდგომში ეკონომიკის მინისტრი, მას ბიზნესთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს და ეს იძლევა საფუძველს, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ იქნება, განსაკუთრებით, როდესაც მოსახლეობასა და ბიზნესს შორის არსებობს პრობლემები.
„აქ შსს-მ თავის როლი უნდა ითამაშოს“, – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.